მარიამ (ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. "შეუპოვარი", "დაუმორჩილებელი", "უარმყოფელი" , 2. "მწარე" , 3. "ქალბატონი" , 4. "საყვარელი უფლისა". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.
მაკა ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.
თამარ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.
თეა (ბერძნული) "ღვთაება"
თეკლე ბერძნული) "ღვთის დიდება". მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - "ღმერთი", რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - "დიდება", რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - "მამის დიდება".
თეონა (ბერძნული) "ღვთის ფიქრი", "ღვთის გონება". ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.
ლოლა (ირანული) "იასამანი".
ელენე ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც "ნათელს", "მანათობელს". ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.
ანა (ძველი ებრაული) "სასურველი", "სანდომიანი", "საამო". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): "იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი" (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი
ანასტასია (ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია
თინათინ (ქართული) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.
ნათია (ქართული) ნათელას პარალელური ფორმაა. გვხვდება ჯერ კიდევ XV ს. დამდეგს: როგორც "ქართლის ცხოვრება" გვაუწყებს, მეფე გიორგი VII-ს ცოლად ესვა ქუცნა ამირეჯიბის ასული ნათია. ნათელას მსგავსად ნათია (ნათაი) გვხვდება კაცის სახელადაც (იხსენიება, მაგალითად, სვანეთის კრების მატიანეში, რომელსაც XIII ს. მეორე ნახევრით ათარიღებენ). მისგან ჩანს მიღებული გვარები: ნათაძე, ნათიძე, ნათიშვილი.
ნატალია (ლათინური) "ბუნებრივი", "მშობლიური". დიეს ნატალის ლათინურად "დაბადების დღეს" ნიშნავს. ნატალი კაცის სახელია, რომლისგანაც ჩვეულებრივ სუფიქსის დართვით ნაწარმოებია ქალის სახელი ნატალია. მისი შემოკლებული ფორმებია ნატა, ნატო. რუსული მოფერებითი ფორმაა ნატაშა.
ნინია ქართულში ძველად გავრცელებული სახელი იყო.მისი კნინობითი სახელია ნინიკა.ვაჟის სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ნონე და მისი კნინობითი ფორმა ნონიკა.ამ სახელთა ეტიმოლოგია უცნობია.მათგან ნაწარმოებია გვარები:ნინიძე,ნინიაშვილი,ნინიკაშვილი,ნონეშვილი,ნონიკაშვილი.